1770915493
ირაკლი კობახიძე: მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა გათავისუფლდეს არალეგალი მიგრანტებისგან, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მოვინახულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი შენობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
„ასევე, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღჭურვილობა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. დაახლოებით, 20 000-ზე მეტია უკანონო არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაგროვებული სტატისტიკა. უკვე შარშან, გასული ერთი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული ათი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს. ამას ემსახურება, მათ შორის, დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახალი შენობით, არამედ არაერთხელ ვთქვით, რომ ადამიანური რესურსების კუთხითაც საჭიროებს დეპარტამენტი გაძლიერებას. უკვე ხუთჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტამენტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.











