ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე აღინიშნა ეს უდიდესი წარმატება, რასაც ჩვენმა ნაკრებმა მიაღწია

 ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე აღინიშნა ეს უდიდესი წარმატება, რასაც ჩვენმა ნაკრებმა მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრის ღონისძიების შემდეგ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისთვის ეს დამატებითი მუხტი იქნება.

„ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ფეხბურთმა გადადგა წინ და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება გაგრძელება. ეს აღნიშვნა დამატებით მუხტს მისცემს ბიჭებს, იმისთვის რომ მომავალში მიაღწიონ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს. მე მგონი, ეს იყო მინიმალური დაფასება, მადლიერების მინიმალური გამოხატვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და მიხარია, რომ ბიჭებმა მიიღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.