ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ფორმალური ნაწილი სრულიად ანეკდოტური, ღიმილის მომგვრელი, შეურაცხმყოფელია ყველაფერთან ერთად და რეალური მიზეზი - ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“

ირაკლი კირცხალია

რეალური მიზეზი, ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ თავდასხმას ორი მიზეზი აქვს - ფორმალური და რეალური.

„გავყოთ ორ ნაწილად. ფორმალური ნაწილი სრულიად ანეკდოტური, ღიმილის მომგვრელი, შეურაცხმყოფელია ყველაფერთან ერთად და რეალური მიზეზი. დავიწყოთ ფორმალური მიზეზით, კიდევ ერთხელ, ანეკდოტური მიზეზით, როდესაც ამბობენ, რომ თურმე კორუფციაზე საუბრობდა ტელეკომპანიაო. ამ კუთხით თუ შევხედავთ, პირველი უნდა დაასანქცირონ ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ვინც პირდაპირ ამხელს.

რეალური მიზეზი იყო შემდეგი, თავის დროზე, როდესაც მათივე მეინსტრიმ მედიები, სოციალური პლატფორმები როდესაც ასხივებდნენ, აშუქებდნენ და აბა კარგი დედმამიშვილი ყოფილიყო რომელიმე მედია, მათი ძალიან მკაცრი მმართველობის ქვეშ, თუნდაც წინა ადმინისტრაციისას და დღეს უკვე ბრიუსელში, აბა ვინმეს გაებედა და ეთქვა რაიმე განსხვავებული. არ ყოფილიყო ის ტყუილი მესიჯი, რომელსაც ავრცელებდნენ. აბა რამე ყოფილიყო ისეთი გაჟღერებული, რომელიც ოდნავ ახლოს იქნებოდა ობიექტურობასთან. ეს იყო ის მესიჯები ყველა იმ მეინსტრიმ საშუალებიდან და მედიიდან განსაკუთრებით, რომელიც აწყობდა ე.წ. დიფ სთეითს. აი, იმ ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“ და სხვა ბევრი ღირსეული ტელევიზია მსოფლიოში. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში.

როდესაც ვსაუბრობ თავისუფალ, ღირსეულ მედიაზე, სიტყვის თავისუფლება და სტანდარტი რა არის, რომ იყო ობიექტური. ობიექტურად გააშუქო აბსოლუტურად ყველა მოვლენა. თან ირონიული და ღიმილის მომგვრელი, ანეკდოტური და შეურაცხმყოფელი რატომ არის იცით? დღეს თუ გადავხედავთ ამ მეინსტრიმ მედიებს, განსაკუთრებით აშშ-ში, „სიენენი“, დღეს ვხედავთ აბსოლუტურად შეცვლილ რიტორიკას იმიტომ, რომ ზოგადად რიტორიკა შეიცვალა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.