ირაკლი კირცხალია გახარიას მოსმენაზე: ეს იყო ამ კომისიაზე გაფართოებული მანდატით ყველაზე მნიშვნელოვანი მოსმენა იმ დიდი აგენტურული ქსელის, რომელიც წარბშეუხრელად ასრულებს ნებისმიერ დავალებას, რომელიც წამოვა მათი პატრონებისგან

ირაკლი კირცხალია

ეს იყო ამ კომისიაზე გაფართოებული მანდატით ყველაზე მნიშვნელოვანი მოსმენა იმ დიდი აგენტურული ქსელის და ჯაჭვის, რომელიც დღეს წარბშეუხრელად ასრულებს ნებისმიერ დავალებას, რომელიც წამოვა მათი პატრონებისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი შს მინისტრის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოსმენის შეფასებისას.

მისი შეფასებით, საზოგადოებამ კომისიის სხდომაზე მოისმინა იმ ყველაფრის აღიარებითი ჩვენება, რაშიც მმართველი პარტია გახარიას ამხელდა.

„რა მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიაზე? 20 ივნისი არის ერთ-ერთი მთავარი, საკვანძო საკითხი, სადაც ყველაფერი მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე და მის აგენტურულ სულისკვეთებაზე, დავალებების შესრულებაზე. გარდა ამისა, სანამ 20 ივნისამდე მივალთ, გავიხსენოთ ძალიან მნიშვნელოვანი, ჩორჩანას საკითხი, რომელიც იმ მოღალატეობრივი ქმედების გაგრძელება, რაც იყო 2007 წლის მაისის გადაწყვეტილება - ახსოვს კარგად ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ე.წ. საზღვრების შემოხაზვით დასრულდა.

ვიხილეთ კომისიაზე მისი [გიორგი გახარიას] ერთ წუთში გადათქმული პასუხი, მიზეზად რომ გატაცება დაასახელა და შემდეგ ერთ წუთში გადათქვა პასუხი. საცოდავი სანახავი იყო ეს ყველაფერი და მართლა ღმერთმა დაგვიფარა, რომ სამხედრო ესკალაციამდე არ მივედით. ეს ხომ კარგად ჩაფიქრებული გეგმა იყო. ასევე ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია პანკისში და როგორ წარმოჩინდნენ პოლიციელები. გავიხსენოთ ასევე, ღამის კლუბებში შევარდნა, როგორი დამოკიდებულება იყო ახალგაზრდებთან და შემდეგ ბოდიშის მოხდა.

და მთავარი - 20 ივნისი. კომისიის სხდომის მსვლელობისას გაახსენებინეს მას ყველა დეტალი: შინაგან საქმეთა მინისტრს ახლავს ქალბატონი ლომჯარია. მისი წარსული ყველასთვის კარგად ცნობილი, აწმყოც გაცხადებული და ცნობილია მისი და მომავალიც. არის ლოგიკური ჯაჭვი და ბმა - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელიც როდის, რა დროს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დადის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად.

დარწმუნებული ვართ, არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოებაც, რომ ეს იყო კარგად ჩაფიქრებული ბინძური და ბოროტი გეგმა, რომელიც სახელისუფლებო, აღმასრულებელი რგოლიდან ერთ-ერთ აგენტს უნდა აღესრულებინა. ამ დავალების გამტარი და დეტალების მიმწოდებელი ლომჯარია გვერდით ედგა ბატონ გახარიას”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მან ასევე გაიხსენა პრემიერის პოსტიდან გახარიას გადადგომის ეპიზოდი და შემდეგომ განვითარებული მოვლენები.

„სამუშაო დღის დაწყებისთანავე, 10:01 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვხედავთ განცხადებას და 28 წუთში ვხედავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს გადადგომასთან დაკავშირებით. რა მოჰყვა ამ ყველაფერს? - მისი ოპოზიციაში წასვლა და 7 თვეში ბატონი სააკაშვილის არაჟნებთან ერთად შემოპარება აქ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულობით, ესეც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ”, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მისი შეფასებით, გახარიას მოსმენა კომისიის გაფართოებული მანდატით პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო.

„ეს იყო ამ კომისიაზე გაფართოებული მანდატით ყველაზე მნიშვნელოვანი მოსმენა იმ დიდი აგენტურული ქსელის და ჯაჭვის, რომელიც დღეს წარბშეუხრელად ასრულებს ნებისმიერ დავალებას, რომელიც წამოვა მათი პატრონებისგან, ე.წ. „დიფ სთეითისგან“, რომელსაც დღეს ფრთები აქვს გაშლილი ევროკავშირის წევრ, განსაკუთრებით წამყვან ქვეყნებში. ამის სრული ლუსტრაცია მოხდა.

კი ბატონო, გამობრძანდნენ არჩევნებზე და ნახონ, რა რეიტინგი აქვთ მათ. მათი პატრონებიც ალბათ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ეს არის ამ დივერსიფიცირების მცდელობები, რომ წვალობენ, სადღაც როგორღაც გადაალაგონ თავისი აგენტურა, სხვადასხვა გვარი და სხვადასხვა ფერის პარტიები”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.