ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ირაკლი კირცხალია

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს - დეოკუპაცია მშვიდობით და შერიგება ნდობით.

„აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი.

ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს! დეოკუპაცია მშვიდობით! შერიგება ნდობით! და ქვეყნის გაერთიანება არა ახალი კონფლიქტით, არამედ ურთიერთობის აღდგენით.

ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ მცდელობებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ნდობის აღდგენას, ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და მშვიდობიან დარეგულირებას ემსახურება, გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის, პროვოკაციისა და ხელოვნური ესკალაციის საგანი. აქ საზოგადოებას სრული სიმართლის ცოდნის უფლება აქვს.

საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული, სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა ინტერესს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის.

სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრება სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენი ნდობა ერთ დღეში დააზიანოს.

აფხაზეთის თემა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი. ვინც ამ თემას შიდა პოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის შედეგი.

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი დეოკუპაციისთვის. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა, ეფექტური კონტროლი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი. ეს არის განსხვავება ხმაურიან რიტორიკასა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის", - განაცხადა კირცხალიამ.