დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დაწყებამდე, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში და იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.
„მადლობას გიხდით, პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის, რომ გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე განსაკუთრებით კი დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც ომია უკრაინაში, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან, მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მე მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის.
ასევე, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი ძალისხმევისთვის, თქვენი პირადი ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინ წასული პარტნიორებთან ურთიერთობით.
მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერის საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის.
როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უნარიან პარტნიორს, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ასევე მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს რაც შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მზად ვართ , რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან ყველა განზომილებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა და მოუთმენლად ველი თქვენთან დისკუსიებს,“- აღნიშნა პრემიერმა.