ირაკლი ფავლენიშვილი: მეც ის შეცდომა დავუშვი, რომ არ მეგონა, თუ მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს რუსთაველს გამზირზე დააკავებდნენ

ირაკლი ფავლენიშვილი

მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე არავის გაუწირავს. ასე არ იყო, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომლის შესახებაც ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მურთაზ ზოდელავასთან და ირაკლი ნადირაძესთან ერთად იმ დროს, როცა ის დააკავეს.

„ათონელთან ვიყავი, ზუსტად მაგ ადგილას არ ვყოფილვარ. საკითხს სვამთ ისე, თითქოს ეს ადამიანები ვიღაცამ გაწირა. ასე არ გახლდათ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომლის შესახებაც ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობდით. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არსებობდა ორი მთავარი პრინციპი, რასაც ორგანიზატორები საუბრობდნენ. პასუხისმგებლობისგან გაქცევა არ არის. ყველამ კარგად იცის, ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ იყვნენ ორგანიზატორები. ამაზე თვითონაც და ჩვენც ვსაუბრობდით. მათ შორის მეც ის შეცდომა დავუშვი, რომ არ მეგონა, თუ იმ კონკრეტულ მომენტში მოხდებოდა მათი დაკავება და არ მეგონა, რომ აქციაზე მოხდებოდა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.