ირაკლი ჩიქოვანი: ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ვეტერანებისთვის, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ადამიანებისთვის - მათთვის, ვისაც სამშობლოს დაცვის საპატიო მისია ერგო წილად

ირაკლი ჩიქოვანი

"ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ვეტერანებისთვის, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც სამშობლოს დაცვის საპატიო მისია ერგო წილად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მეუფე ეფრემ, პატივცემულო მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, მოგესალმებით. მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებო, ბატონო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელო, ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო სტუმრებო, მოგესალმებით. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, და მინდა მადლობა გითხრათ სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანებს, ათწლეულების განმავლობაში სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის.

ამ საზეიმო ღონისძიებაზე, ბევრი ითქვა თქვენს ღვაწლზე. ჩვენ ყველანი ამაყები ვართ თქვენით, თქვენ ხართ ჩვენი სამშობლოს თვითმყოფადობისათვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილი, რომლებმაც პატივით და ღირსებით ატარეთ სამხედრო მუნდირი. თქვენ თქვენი ცხოვრება მიუძღვენით ჩვენი ქვეყნის სამსახურს და მტკიცედ იცავდით საქართველოს ინტერესებს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თითოეული ვეტერანი არის პროფესიონალიზმის, სიმტკიცის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსთვის თავგანწირვის სიმბოლო. ქედს ვიხრი იმ მებრძოლების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საკუთარი სამშობლოსთვის. მათი სახელები არ მიეცემა დავიწყებას და მუდამ ემახსოვრება მომავალ თაობებს.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სამხედროების საბრძოლო წარმატებები ყოველთვის შეუპოვრობისა და სიმამაცის მაგალითია. თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება საყოველთაოდ არის აღიარებული, სადაც კი ქართველ ჯარისკაცს ფეხი დაუდგამს. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები სწორედ თქვენი საბრძოლო გამოცდილების მემკვიდრეა, ის დღესაც ჩვენი ვეტერანების გმირობის მაგალითებზე ვითარდება და ძლიერდება. ბევრი ვეტერანი დღესაც აგრძელებს ახალი თაობებისთვის ცოდნის გაზიარებას და კიდევ უფრო ამტკიცებს მხედრულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს. თითოეული ვეტერანი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ვეტერანები მუდმივად გრძნობდნენ მხარდაჭერას და თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ვეტერანებისთვის, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც სამშობლოს დაცვის საპატიო მისია ერგო წილად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი პროგრამა, რომელსაც დეპარტამენტი ახორციელებს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.

ასევე, კიდევ ერთხელ, მინდა, ხაზი გავუსვა მთავრობის მიზანს, რომ თითოეული ვეტერანი გრძნობდეს იმ პატივისცემასა და მადლიერებას, რომელიც მათ წლების განმავლობაში დაიმსახურეს. მინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ ღრმა პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თითოეული ვეტერანისადმი და მათი ოჯახებისადმი, რომლებმაც მათთან ერთად გაიარეს ეს რთული და საამაყო გზა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ჩვენი ვეტერანები, კიდევ არაერთხელ შეასრულებთ მნიშვნელოვან როლს საქართველოს გაძლიერებისა და განვითარების საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ვეტერანების დღეს და გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი!" - აღნიშნა ჩიქოვანმა.