„იქნებ ლაპარაკისას თვალი ჩაუკრა მაყურებელს“ – გოცირიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე

გოცირიძე-სანიკიძე

ოპოზიციონერის, გუბაზ სანიკიძის სკანდალურ განცხადებას, რომლის თანახმად, ოპოზიციაში ყველა განულებულია, მიხეილ სააკაშვილის გარდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აფასებენ. როგორც რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა,  გასარკვევია, სანიკიძე ამ განცხადების გაკეთების დროს, მაყურებელს ატყუებდა თუ არა.

„კონტექსტია მთავარი, ადამიანი ხუმრობს თუ არ ხუმრობს, თითი ხომ არ აქვს გადაჯაჭვული, ირონია იყო თუ არ იყო. სანამ პირადად არ ვნახავ ამ ყველაფერს,  სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.  იქნებ ლაპარაკისას თვალი ჩაუკრა მაყურებელს. პარლამენტში რომ შემოვა, იბობოქრებს“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ, მიხეილ სააკაშვილის გარდა,  ყველა ოპოზიციონერს „ნულების პარადი“, ხოლო ექსპრეზიდენტს რეალური მებრძოლი უწოდა.

„ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან - განულებული, "ნულების პარადია", ჩემს თავსაც ვგულისხმობ.

ნურავის ეწყინება. დანამდვილებით ვიცი, რომ ოპოზიციიდან ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. მხოლოდ ერთი კაცია, ვინც ხელისუფლებასთან შეკრული არ არის, ეს არის სააკაშვილი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული და მის თანამებრძოლად ვთვლი თავს“, - განაცხადა გადაცემა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძემ.