იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე: ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე

იონათამიშვილი

ამ სიძულვილის პოსტით, სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ელჩები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. სწორედ ამიტომ არის გაღიზიანებული სალომე ზურაბიშვილი და ის ამით ამჟღავნებს მთლიანად იმ სიძულვილის სახეს, რომელიც არსებობს რადიკალურ ოპოზიციაში განსხვავებული აზრის მიმართ.

ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოებისთვის სწორედ ასეთი მასშტაბური სიძულვილის გამო არიან მიუღებლები და რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, კიდევ უფრო მიუღებლები გახდებიან მთლიანად საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ელჩებს დიპლომატის დღეს ვერ მიულოცავს და მათ სახელებს არც ისტორია დაივიწყებს. „თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? - სვამს რიტორიკულ კითხვას ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარ ქვეყანას საგარეო დიპლომატიას, ელჩებს კი გამბედაობას უწუნებს და მათ მშიშარებად მოიხსენიებს.