„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
მიმდინარე წლის 28 იანვარს, „C-SPAN“-ის სატელევიზიო არხის პოპულარულ ყოველდღიურ პოლიტიკურ გადაცემა „ვაშინგტონის ჟურნალს“ (Washington Journal) რუსეთ-უკრაინის ბოლოდროინდელი დაპირისპირების თაობაზე სასაუბროდ სტუმრად ეწვია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, ნატო-ს მეკავშირეთა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ხოლო ამჟამად „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი.
პოპულარული გადაცემის წამყვან ბილ სკენლონთან საუბრისას, გენერალმა ბრიდლოვმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე ეტაპზე რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი მწვავე დაპირისპირების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე, ასევე, აღნიშნულ პროცესებში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობასა და როლზე. დისკუსიისას, მან არაერთხელ მოიხსენია საქართველო სხვადასხვა კონტექსტში.
კერძოდ, (06:13) ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-სა და აშშ-ის ძალების უფრო მტკიცე სამხედრო ყოფნის, ასევე, მიმდინარე დაპირისპირების ჭრილში, რუსეთის მიერ ესკალაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯების საპირწონედ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების ბალტიისა და შავ ზღვებში მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე საუბრისას, გენერალმა ბრიდლოვმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოკავშირეების სოლიდარობის მიღწევა მიზნებისა და ამოცანების გარშემო, მათ შორის, სამხედრო კუთხით. მისი თქმით, პუტინმა თვალნათლივ უნდა დაინახოს ის გადასახდელი ფასი, რომელიც მას ელოდება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მათ შორის, დასავლეთის მეტი ძალებისა და მეტი იარაღის არეალში კონცენტრაციის მხრივ. მისი თქმით, დაუშვებელია დასავლეთმა ნება დართოს პუტინს, მოიქცეს არასათანადოდ. მისი თქმით, „(07:06) მოვიდა დრო დასავლეთმა დაიჭიროს მყარი პოზიცია და პუტინს გაუგზავნოს მტკიცე გზავნილი ასეთი ქმედებების დაუშვებლობაზე, გზავნილი, რომელიც მას, სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოში, ხოლო შემდეგ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ არ მიუღია.“
აგრეთვე, (12:42) სკენლონთან საუბრისას, გენერალი შეეხო რუსების მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე არალეგალურად შემოჭრისა და მისი ანექსიის ეპიზოდს. ბრიდლოვმა აღნიშნულზე განაცხადა: „(13:10) თუკი რუსეთს ნებას დავრთავთ, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს, კრემლის ქმედებები განმეორდება. ისტორია გვასწავლის, რომ (რუსეთის) საქართველოში შეჭრის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ გაცემული პასუხი არასაკმარისი იყო. აღნიშნულის მსგავსად მოვიქეცით 2014 წელსაც. ჩვენ ნება დავრთეთ (რუსეთს) მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა და თვალი დავხუჭეთ არასწორ საქციელზე. ახლაც კი ყირიმი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და კრემლი დონბასის რეგიონშია.“
ერთ-ერთი ტელემაყურებლის მიერ ეთერში გაჟღერებული კითხვაზე (17:31) ნატო-ს ექსპანსიის მიზანშეწონილობის, „ცივი ომის“ პარადიგმაში შესაძლო დაბრუნებისა და ორგანიზაციის სამომავლო როლის თაობაზე, გენერალმა აღნიშნა შემდეგი: „შეიმჩნევა „ცივი ომის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი რიტორიკისკენ დაბრუნება, თუმცა, არავის სურს „ცივი ომი“ და დაპირისპირება პუტინის გარდა... პუტინს სურს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა მისთვის მისაღებ ჭრილში, დაუბრუნოს რუსეთს ყოფილი გავლენის სფეროები და აღადგინოს მის მიმდებარე სამეზობლოზე კრემლის კონტროლი. ეს კი არ სურს დასავლეთს. ყველა დიდ შეხვედრაზე ცენტრალურ ხასიათს იძენს ‘ნატო-ს ღია კარის’ პოლიტიკაზე დისკუსია. ნატო-ში გაწევრიანება ურთულეს პროცესს წარმოადგენს. მონტენეგროს ძალზე დიდი ხანი ცდა მოუხდა, ვიდრე მას წევრობა შესთავაზეს... ასპირანტი სახელმწიფოები უამრავ დაბრკოლებას გადალახავენ იმისათვის, რომ ერთ დღეს ორგანიზაციის წევრი გახდნენ. ყველა ერს გააჩნია სუვერენული უფლება, აირჩიოს მისთვის მისაღებ ალიანსებსა და კავშირებში გაწევრიანება და არავის, მათ შორის, რუსეთს, არ უნდა ჰქონდეს მათ მისწრაფებებზე ვეტოს უფლება.“ საუბრის ფორმატში სტუდიაში საკმაოდ პროვოკაციული მოსაზრებაც გაისმა (22:01). კერძოდ, ტელემაყურებელმა მასაჩუსეტსის შტატიდან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „მოწვეული სტუმარი ცდებოდა საქართველოში რუსეთის ‘შემოჭრის’ თაობაზე. მისი თქმით, პირიქით საქართველო დაესხა თავს დამოუკიდებელ ჩრდილოეთ პროვინციას, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. რუსებმა საპასუხოდ ქართველები უკუაგდეს დაკავებული პოზიციებიდან, ხოლო სტუმარი იმეორებს ნატო-ს პროპაგანდას.“ გენერალმა ბრიდლოვმა არჩია არ გამოპასუხებოდა ტელემაყურებელს და დასძინა, რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებდნენ საქართველოში რუსეთის შეჭრას. უკრაინაში შეჭრისათვის რუსეთის ჯარების მომზადების ხარისხზე ტელემაყურებლის კითხვის პასუხის გაცემისას (32:31), გენერალმა აღნიშნა: „(33:10) რუსეთის ძალები სწავლის პროცესში არიან და ადაპტაციას გადიან წინა წლებთან შედარებით. თითოეულ ახალ ბრძოლაში, სადაც ისინი ერთვებიან, რუსული ჯარი უკეთესი ხდება. საქართველოში შემოსვლის პერიოდში, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციისას, კარგად ჩანს, რომ მიუხედავად რუსეთის საბოლოო გამარჯვებისა, პატარა ერმა მათ საკმარისი სიმწარე აგემა.“
აღნიშნული ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-ბმულზე.
დღესვე, 28 იანვარს, „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის განმტკიცება: საუბარი ევროპაში მოკავშირეთა გაერთიანებული სარდლობის ყოფილ ამერიკელ მეთაურებთან“ (Enhancing NATO’s Colleactive Defense: A Conversation with Former Supreme Allied Commanders in Europe”). აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურები, ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლები, ოთხვარსკვლავიანი გენერლები უესლი კლარკი და ფილიპ ბრიდლოვი.
ღონისძიების მსვლელობისას, მოწვეულმა ექსპერტებმა დეტალურად მიმოიხილეს მიმდინარე ეტაპზე რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი მწვავე დაპირისპირების მიზეზები და შედეგები, ასევე, აღნიშნულ პროცესებში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობა და როლი.
დისკუსიისას, უესლი კლარკმა საქართველო შემდეგ კონტექსტში მოიხსენია: მისი თქმით, „(18:05-18:35) პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის გარშემო არსებული რთული სიტუაცია შეარყევს რუსეთის გარშემო არსებული სახელმწიფოების მთავრობების თავდაჯერებულობას და გააადვილებს მათი მხრიდან რუსეთის ინტერესთა გათვალისწინებას, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე.“