ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვოკკეჰოქსტერთან გამართა. მინისტრები მიესალმნენ ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს, 30 წლისთავს და დადებითი შეფასება მისცეს ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სურვილი, რომ გააძლიეროს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რაც აისახა კიდეც ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დოკუმენტში. ასევე აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი დაეთმო ევროკავშირის წევრობის განაცხადს და ქართული მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ნიდერლანდები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ასპირაციას.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ესკალაციის პრევენციისთვის.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მაღალი დონის კავშირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს შორის კომუნიკაციის მაღალ დინამიკას. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.