ილჰამ ალიევი: ისინი, ვინც ტანკებითა და ბაქოს ოკუპაციით გვემუქრებოდნენ, დღეს აზერბაიჯანულ ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ, მათი ტანკები კი „სამხედრო ნადავლის პარკშია“ გამოფენილი

ილჰამ ალიევი

ისინი, ვინც ტანკებითა და ბაქოს ოკუპაციით გვემუქრებოდნენ, დღეს აზერბაიჯანულ ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ, მათი ტანკები კი „სამხედრო ნადავლის პარკშია“ გამოფენილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ზომების შესახებ კონფერენციის (CICA) მე-7 სამიტზე განაცხადა, რომელიც ბაქოში იმართება.

ალიევის განცხადებით, სამამულო ომი 44 დღე გაგრძელდა და ამ პერიოდში აზერბაიჯანმა ბრძოლის ველზე 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა.

„ერთ დღეზე ნაკლებ დროში ყარაბაღში სომხური საოკუპაციო არმია განადგურდა, ხოლო სეპარატისტთა ლიდერები და ბავშვთა მკვლელები აზერბაიჯანის მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ისინი, ვინც ტანკებითა და ბაქოს ოკუპაციით გვემუქრებოდნენ, დღეს აზერბაიჯანის ციხეებში აზერბაიჯანულ ჩაის სვამენ, მათი ტანკები კი „სამხედრო ნადავლის პარკშია“ გამოფენილი. ეს საკითხი გლობალური მნიშვნელობისაა, სწორედ ამიტომ გავამახვილე მასზე ყურადღება. ოკუპაციის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის გამო სომხეთისთვის სანქციები დროულად რომ დაეწესებინათ, აზერბაიჯანს არ მოუწევდა ბრძოლის ველზე სომხური ფაშიზმის ხერხემლის გადამტვრევა. ომი ჩვენი არჩევანი არ ყოფილა – სომხეთმა გვაიძულა ომში ჩავბმულიყავით. როგორც ჩანს, მათმა მხარდამჭერებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით აღადგენდა თავის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს. თუმცა, ისინი ყველა ცდებოდნენ. შესაძლოა, მათ კარგად არ იცოდნენ ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის ხასიათი – ხალხისა, რომელიც საკუთარი ტრადიციებითა და მორალური ღირებულებებით ცხოვრობს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო არ მოითხოვდა მის მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულებას, ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭო მუდმივად ესხმოდნენ თავს აგრესიის მსხვერპლ აზერბაიჯანს და ამხნევებდნენ აგრესორ სომხეთს.

✕