ოკუპირებული გალის სოფელში, ზღვაში მე-10 კლასელი გოგო დაიხრჩო
1754164494
მამუკა ხაზარაძის და გერმანის ელჩის ურთიერთობაში პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს. საკითხს ირაკლი კობახიძე მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ცნობილი გახდა, რომ პეტერ ფიშერს თბილისის ცენტრში "ლელოს" ლიდერისგან ძვირადღირებული სახლი აქვს ნაქირავები.
უძრავი ქონება 2022 წლის მარტიდან პოლიტიკოსის მეუღლის, ირინა ხაზარაძის სახელზეა რეგისტრირებული. ხაზარაძემ სახლი ცოლს ჩუქების ხელშეკრულებით მას შემდეგ გადაუფორმა, რაც სასამართლომ ის ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. გერმანიის ელჩმაც ხაზარაძეების კერძო საკუთრება, სასამართლოს განაჩენიდან რამდენიმე თვეში იქირავა. "კურიერმა" სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტებით დაადგინა ისიც, რომ მისამართზე, სადაც ამჟამად გერმანიის ელჩი ცხოვრობს, რეგისტრირებულია შპს ხაზარაძე ჰოლდინგი, საფირმო სახელწოდებით "ვაზისუბნის მამული". ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, მეწილეები კი მეუღლე და შვილები არიან.
მამუკა ხაზარაძის ფინანსურ და ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულ მისამართზე 500 000 ლარად შეფასებული მხოლოდ 297 კვ.მეტრ ფართობი ფიქსირდება, თუმცა ის, რაც დეკლარაციაში არ მოხვდა, ვიპოვეთ საჯარო რეესტრის დოკუმენტებში. ამონაწერით ირკვევა, რომ ამ მისამართზე შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი 749 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
პარტია "ლელოში" გერმანიის ელჩსა და ხაზარაძის ოჯახს შორის კონტრაქტის არსებობას ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ელჩის დიპლომატიურ მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს. თავად პოლიტიკოსის მეუღლე კითხვებს არ პასუხობს. წერილი უპასუხოდ დატოვეს გერმანიის საელჩოშიც.
ელჩის მიერ ოპოზიციონერი ლიდერის კუთვნილი სახლის ქირაობა "ქართული ოცნებისთვის" დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა. მმართველი გუნდი ფაქტში პოლიტიკური კორუფციის კვალს ხედავს.
ხაზარაძის პარტიაში ამტკიცებენ, რომ ქირავნობის ხელშეკრულება არსებობს, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ მამუკა ხაზარაძის მეუღლეს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 2014 წლიდან დეკლარირებული არ აქვს და შესაბამისად, არც ქონების გაქირავებიდან მიღებულ სარგებელზე კანონით დადგენილი გადასახადები უფიქსირდება. კანონმდებლობა კი განმარტავს, თუ რა ვალდებულება ეკისრება ბიუჯეტის მიმართ ქონების მესაკუთრეს ქირავნობის ხელშეკრულების დროს
ორდღიანი დუმილი ხაზარაძის ოჯახმა ადვოკატების წერილობითი განმარტებით დაარღვია. გავრცელებულ განცხადებაში ხაზარაძეების წარმომადგენლები გერმანიის ელჩთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაზე მიუთითებენ, თუმცა კვლავაც უპასუხოდ რჩება კითხვა - იხდის თუ არა ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს მამუკა ხაზარაძის ოჯახი.