იგეგმება სახელმწიფო კომპანიის შექმნა, რომელიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვაზე იზრუნებს

გზა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილება ექნება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულად ან ნაწილობრივ მოვლა-შენახვის მოვალეობა მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით შეასრულოს. ამ მიზნით სახელმწიფო კომპანიის შექმნა იგეგმება.

პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა გზების ტექნიკური სირთულე, მათ შორის, მრავალზოლიანი ავტომაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების რაოდენობა, ასევე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა.

მთავრობის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები არსებითად ცვლის გზების ექსპლუატაციის ხასიათს და მოითხოვს მართვის უფრო ტექნოლოგიურ, უწყვეტ და პრევენციულ მოდელზე გადასვლას.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის E60 გორი-არგვეთა მონაკვეთს, რომლის სიგრძე შეადგენს 105 კილომეტრს და მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ძირითად კომპონენტს და თავისი ფუნქციური დატვირთვით წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალს, რომლის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასა და სატრანზიტო პოტენციალს. არსებული მოდელი, რომელიც ეფუძნება მომსახურების მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებას, უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვის პროცესის განხორციელებას, თუმცა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი საინჟინრო გადაწყვეტების პირობებში იკვეთება ოპერაციული პროცესების უფრო კოორდინირებული და ინტეგრირებული მართვის საჭიროება. მიუხედავად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებისა, არსებული მოდელი სრულად ვერ პასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას”, – აღნიშნულია კანონპროექტში.