იაგო ხვიჩია პრემიერის გადადგომის და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს

iago xvichia

პარტია "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია არასერიოზულს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას, რომელიც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ამ მოთხოვნების დაყენებით, ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ადამიანების ნიჰილიზმს იწვევს, ახშობს იმ პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ქვეყანაში.

„ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ სხვა ვინმეს წარმოადგენს, წარმომადგენლის სახლში წასვლას, რომ ითხოვ არასერიოზულია. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ასევე არასერიოზულია. არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არჩევს? ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი? რატომ ვენდობით ამ ხალხს? ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე? "ქართული ოცნების" პარლამენტი? რა მოთხოვნაა თავისი შინაარსით, როგორ უნდა მოხდეს აღსრულება. ვფიქრობ, ამ აქციის ორგანიზატორები ერთ-ერთი პრობლემაა.

ამ მოთხოვნების დაყენებით ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ეს ადამიანების ნიჰილიზმს იწვევს, ფაქტობრივად ახშობს პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ამ ქვეყანაში. ეს ხალხი, პარალელურად სხვას აბრალებს "ქართული ოცნების" სატელიტობას, თუ წარმომადგენლობას. ამაზე უფრო დიდი საქმე "ქართული ოცნებისთვის" რა უნდა იყოს. ჩემი აზრით, ის მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, რაც ლოგიკური იქნებოდა. რამ შეიძლება განმუხტოს ეს კრიზისი, რაც ქვეყანაში ხდება? ჩემი აზრით, არაფერმა გარდა არჩევნებისა.

ამ არჩევნებს რომ აზრი ჰქონდეს, ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. არჩევნები არ ჩავატაროთ დღევანდელი მაჟორიტარული სისტემით. უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც ბარიერი ბუნებრივი გახდება, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები", - აღნიშნავს ხვიჩია.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.