გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ,  -  განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების მუქარები, ასევე, ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის მიზნით იყო ჩამოსული.

„ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მუქარის განცხადებები და ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის განხორციელების მიზნით. ფაქტია, რომ არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გააქტიურა ასეთი ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.

16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.

16 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან. ყოველი შეხვედრის შემდეგ, მისი მხრიდან მმართველის გუნდის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.“ -  განაცხადა გივი მიქანაძემ.