“გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ კანონი“- პარლამენტთან აქცია დღეს მაინც გაიმართება

რუსთაველი

სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე მაინც გაიმართება.

როგორც ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოობას, როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას.

სამოქალაქო აქტივისტები ასევე ითხოვენ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას.

„დღეს აუცილებლად იქნება აქცია! არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ გვაქვს „ქართულ ოცნების“ ნდობა და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ გარანტი ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას. გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი. მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და არიან დაჭერილები, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად აქვთ. სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, პროცესები არ შეწყდება “, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა და „ხალხის ძალამ“ ე.წ აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.