„გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შესაძლოა ასაიდუმლოებდნენ ამ პროექტს არის ის, რომ აქვთ ვალდებულება, მათ შორის, აშენდეს მეჩეთები“ - გრიგოლ გეგელია Eagle Hills-ის პროექტზე

გრიგოლ გეგელია

Eagle Hills-ის ინვესტიციაზე, "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრების მხრიდან შეფასებები გრძელდება. "ლელოს" უკვე რამდენიმე დღეა კამპანია აქვს დაწყებული პროექტის წინააღმდეგ და საგანგებოდ ასპონსორებს Facebook პოსტებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ღამის კურიერის" ეთერში ამტკიცებდა, რომ ახალ დასახლებებში მეჩეთებიც აშენდება.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით, კითხვები და ეჭვები ძირითადად სასულიერო პირების მხრიდან მოდის.

"ამაზე საუბრობენ გარკვეულ წრეებში, კონკრეტულად კი სასულიერო პირთა წრეებში. ამ წრეებიდან გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც შესაძლოა ასაიდუმლოებდნენ ამ პროექტს არის ის, რომ მათ აქვთ ვალდებულება, მათ შორის, აშენდეს მეჩეთები. იმისთვის, რომ არ იყოს კითხვები და ეჭვები, მოვითხოვთ გასაჯაროვდეს კონტრაქტი," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

"არავითარი მეჩეთების აშენება არ იგეგმება" - ასეთია პრემიერის პასუხი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ლელოს," "პატრიოტთა ალიანსისა" და "ალტ-ინფოს" მოსაზრებები არასერიოზულია და მანიპულაციურთან ერთად, ქსენოფობიური განცხადებები კეთდება.