1759659123
გუშინ საქართველო გადაურჩა "მაიდანიზაციას", სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას, გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს - შალვა პაპუაშვილი

გუშინ საქართველო გადაურჩა "მაიდანიზაციას", სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო, გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის განმარტებით, შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია, საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს, გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.
"გუშინ საქართველო გადაურჩა "მაიდანიზაციას", სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე.
შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.
გუშინ ჩვენ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და, მასთან ერთად, დაემხოთ საქართველოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალიც.
დღეს უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმ რამდენიმე ავანტიურისტზე, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღვებათ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.