1692302192
გურამ მაჭარაშვილი: ვის ვის და ბაჩო ახალაიას ასეთი რადიკალური პროცესები არ ეშლება. ის ჩანაწერიც, მათი მოწოდებებიდან, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, რეალურია

ბაჩო ახალაიას სახლში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება ერთგვარი მტკიცებულებაა გურამ მაჭარაშვილისთვის, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ახალაია-ბურჭულაძის საუბარს ასახავს, შესაძლოა ავთენტური იყოს. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, რადიკალებს რომ სისხლის დაღვრა სურდათ, ამაში გასაკვირი არაფერია.
„ის, რომ თავად „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თუ ახალი წევრები აღიარებენ, მათ შორის, ბაჩო ახალაიასთან და ასეთი ტიპის რადიკალებთან ურთიერთობას, ეს არ არის ახალი. ის ვიდეოჩანაწერი, რაც ჩვენ ვნახეთ, ჯერჯერობით ავთენტური შეიძლება, არ არის, მაგრამ რეალურად მათი მოწოდებებიდან, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, რეალურია. ამიტომაც არის, რომ იგივე ჩერგოლეიშვილი და სხვებიც აღიარებენ, რომ შეხვედრები იყო ბაჩო ახალაიასთან, რომელიც ჩანაწერში ამბობს, რომ თვითონ ვერ გამოჩნდება, რადგან შეიძლება აიყვანონ, ამიტომ ეს საქმე სხვამ უნდა გააკეთოს. რა საქმე უნდა გააკეთოს სხვამ, ამას უკვე მათი პროპაგანდისტი ე.წ. პროფესორი ამბობს, რომ უნდა ვიღაცა უნდა მოკვდეს, სისხლი დაიღვაროს და ასე შემდგომ. ვის ვის და ბაჩო ახალაიას ასეთი რადიკალური პროცესები არ ეშლება და ამიტომაც არის რეალური ის ჩანაწერი, რაც იყო და ამიტომაც არის ის აღიარებითი ჩვენებები, რაც არა მარტო ჩერგოლეიშვილმა თქვა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში განაცხადა:
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მხრიდანაც კი“.