არა ბეწვეულს - Vogue და სხვა ცნობილი ჟურნალები სარედაქციო პოლიტიკას ცვლიან

ბეწვეული

 ამერიკულმა მედია კონგლომერატმა Condé Nast ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო — კომპანია თავისი ყველა გამოცემის სარედაქციო და კომერციულ მასალებში ბეწვეულის ჩვენებას კრძალავს. Condé Nast ისეთ ცნობილ ჟურნალებს აერთიანებს, როგორებიცაა The New Yorker, GQ, Vanity Fair და, რაც მთავარია, Vogue. ამ უკანასკნელზე, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ გავლენიანი პლატფორმაა, ეს ცვლილება ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს.

გამოცემების განახლებული სარედაქციო პოლიტიკა უშვებს გამონაკლისებსაც, როგორიცაა, მაგალითად, აბორიგენული პრაქტიკის ასახვა. თუმცა, სხვა მხრივ, ამ ჟურნალების ფურცლებზე ნატურალური ბეწვეულის სურათებს ვეღარ იხილავთ.

Condé Nast-ის ეს გადაწყვეტილება მოდის სამყაროს უახლეს ტენდენციებსაც ასახავს. ინდუსტრიაში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის გამოყენებას უკვე წლებია, ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია აპროტესტებს. მათ შორის არიან ვარსკვლავებიც, მაგალითად, მომღერალმა ბილი აილიშმა, რომელიც ვეგანია, 2021 წლის Met Gala-ზე ოსკარ დე ლა რენტას კაბა მხოლოდ იმ პირობით მოირგო, რომ მოდის სახლი ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყოდა. აილიშმა იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა სხვა დიზაინერებსაც.

2018 და 2019 წლებში ბეწვეულის საკუთარ წარმოებაში გამოყენებაზე უარი თქვეს Chanel-მა და Prada-მ. 2021 წელს მათ შეუერთდა მოდის გიგანტი Kering თავისი ყველა ბრენდით. ამავე წელს ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ბეწვეულით ვაჭრობა საერთოდ აკრძალა.

Vogue-მდე ბეწვეულის სურათების ჩვენება თავის ყველა საერთაშორისო გამოცემაში აკრძალა მოდის ჟურნალმა Elle-მაც 2021 წლის მიწურულს.

 რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, ხორვატიაში, იტალიასა და ნორვეგიაში, ბეწვეულის მისაღებად ფერმერული მეურნეობა კანონით იკრძალება. ამის მიუხედავად, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ყოველწლიურად მილიონობით ცხოველს სასტიკად ხოცავენ მათი ბეწვისგან სამოსის თუ აქსესუარების დასამზადებლად.

Condé Nast-ის გადაწყვეტილებას სწორედ ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო კამპანია უძღოდა წინ. ცხრათვიანი კამპანიის ფარგლებში, კოალიცია ბეწვეულით ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით (CAFT) Vogue-ის რედაქტორების სახლებთან გზას კეტავდა და ჟურნალის ორგანიზებულ ღონისძიებებზე აპროტესტებდა.

ბეწვეულის სიყვარულით გამოირჩეოდა Vogue-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, რომელსაც ცხოველთა უფლებადამცველები არაერთხელ დაჰპირისპირებიან. ვინტურს, რომელიც ხელოვნურ ბეწვს გარემოსადმი უფრო საზიანოდ მიიჩნევდა, ერთხელ, რესტორანში ვახშმობისას, თეფშზე მკვდარი ენოტიც კი დაუგდეს. 2005 წელს მას ტოფუს ღვეზელი ესროლეს. ცხოველთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია PETA-მ ვინტურს ცოტა ხნის წინ ადამიანის თმისგან მოქსოვილი შარფიც გაუგზავნა.