„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
რადიკალური აქციების შინაარსი ჯერ 4 ოქტომბერს გადატყდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკამ ევრობიუროკრატები ამხილა, საბოლოოდ გადატყდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ, თუ მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოყოფილ ადგილზე მივლენ.
„გააპროტესტონ, რაც უნდათ. ეს არის დემოკრატია და არა ის, რომ სამი-ოთხი მილიონი ადამიანი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეაწუხოს. ეს დემოკრატია არ არის და ამაზე პასუხი გასცა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ რადიკალების მცირე ჯგუფი ვერც პოლიციას და ვერც სახელმწიფოს ვერ შეურაცხყოფს, თუ ამას გაბედავენ, მათ ოჯახებში გვამებს მიიტანენო. ეს ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია და მაშინ ამერიკას დემოკრატია დავუწუნოთ. მშვიდობიან აქციაზე არავინ საუბრობს, აქცენტია ძალადობრივ აქციაზე, როცა სხვის უფლებებს ხელს უშლიან. ადამიანის უფლებების კონვენცია მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა საქმე მათ ეხებათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. ცვლილებების თანახმად, დგინდება სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთანავე, შეკრება ან მანიფესტაცია თუ რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან/და სვლაგეზის შესახებ შესაბამისი მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. გარდა ამისა, კანონპროექტით წესრიგდება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.