„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
არასოდეს გვითქვამს, რომ ჩვენი თვითმიზანი ვინმესთვის ხელის ჩამორთმევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლაა. გახარიას და მისი პარტიის წევრების აზროვნების კონტროლს ვერ განვახორციელებთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის რა მოლოდინი უნდა მქონდეს? წარმოუდგენელია, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ადამიანმა ამდენი რამის თქმა მოასწროს, ეს არ იყო შეხვედრა, ეს იყო ხელის ჩამორთმევა“.
„გახარიას ვინ რა უნდა დაიჯეროს, კაცი, ვერ ვნახეთ, ვერც ფიზიკურად და უკვე აღარც ვიდეოჩართვები აქვს. უკვე ისიც აღარ ვიცით, არსებობს თუ არა გახარია, უჩინარი კაცი რაღაცაზე საუბრობს. არასოდეს გვითქვამს, რომ ჩვენი თვითმიზანი ვინმესთვის ხელის ჩამორთმევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლაა. გახარიას და მისი პარტიის წევრების აზროვნების კონტროლს ვერ განვახორციელებთ, დასკვნა მათმა ამომრჩეველმა გააკეთოს. მიხეილ ყაველაშვილს ხელს ართმევენ და ესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო გახარიას თავისი საქციელიდან მხოლოდ იმის პერსპექტივა აქვს, რომ მართლმსაჯულებას ჩამოართვას ხელი. ეტყობა, ამ რეალობის გამო არიან დაბოღმილები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა. როგორც ყაველაშვილმა მილანში სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს. ყაველაშვილის თქმით, ჯეი დი ვენსის მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი.