გურამ მაჭარაშვილი: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ დაცული იყოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, რათა უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობდეს

გურამ მაჭარაშვილი

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები ემსახურება იმას, რომ დაცული იყოს ეროვნული ინტერესები და უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობდეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონმა სუვერენიტეტი უნდა დაიცვას.

„ამერიკას თუ სჭირდება უცხოური გავლენებისგან თავდაცვა, ხოლო ევროპულ ქვეყნებს უცხოური პოლიტიკური გავლენებისგან დაცვა, ეს მით უფრო სჭირდება საქართველოს გამოწვევებით სავსე მსოფლიოში. კანონის გამკაცრება იმას ემსახურება, რაც ამერიკის პრეზიდენტმა პატარა ქვეყნებს მოგვიწოდა, რომ ეროვნული ინტერესები დავიცვათ და წინა ხაზზე წამოვწიოთ.

ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ დაცული იყოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, რათა უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობდეს. ეს რომ საჭიროა, ამაზე მეტყველებს ბალტიისპირეთში, ქარხანაში თუ ფაბრიკაში დარეგისტრირებული საქართველოს „ენჯეოები“, რომლებიც ამას ვერც კი უარყოფენ. ზოგი ამბობს, რომ ეს შენობა უფრო გარემონტებულია, ვიდრე შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა, მაგრამ მაინც ქარხანა იყო და იქ ვართ რეგისტრირებულიო. პირდაპირ აღიარებული ბრძოლა მიმდინარეობს. ვალდებულება გვაქვს, რომ კანონმა სუვერენიტეტი დაიცვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა. ერთ-ერთი ეხება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, რომლითაც წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.