გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონის დაინიცირების შემდეგ შეეცადნენ, ევრობიუროკრატიიდან და აქაური აგენტურიდან მეორე მოსვლა მოეწყოთ, დღეს კი ჩვენს გამოცდილებას იზიარებენ, ეს კარგია

გურამ მაჭარაშვილი

გამჭვირვალობის კანონი როგორც კი დავაინიცირეთ, შეეცადნენ, საქართველოს წინააღმდეგ ევრობიუროკრატიიდან და აქაური აგენტურიდან მეორედ მოსვლა მოეწყოთ, დღეს კი ვხედავთ, რომ ჩვენს გამოცდილებას იზიარებენ, ეს კარგია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო გამოცდილებას სიამოვნებით გაუზიარებს.

„ევრობიუროკრატიაში არსებულ კრიზისსა და საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლობაზე კულისებიდან სიმართლე ჩვენ გამოვიტანეთ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი როგორც კი დავაინიცირეთ, შეეცადნენ, საქართველოს წინააღმდეგ მეორედ მოსვლა მოეწყოთ, როგორც ევრობიუროკრატიიდან, ასევე აქაური აგენტურიდან. ეს ყველას კარგად გვახსოვს. საქმე რადიკალურ პროცესებამდე და დამხობის მცდელობამდე მივიდა. მაშინ ვამბობდით, რომ ეს მიმართული იყო უცხო ქვეყნის ძალების ჩარევისგან თავის არიდებისკენ, რასაც შემდეგ მოჰყვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონპროექტები. ისინი ამბობდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სხვა სახელმწიფოები არ უნდა ჩარეულიყვნენ. დღეს ვხედავთ, რომ ჩვენს გამოცდილებას იზიარებენ, ეს კარგია. ჩვენ არა მხოლოდ „ფარას“ და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაში გვაქვს გამოცდილება, არამედ სხვა ბევრ რამეში, მათ შორის უსამართლო ბრძოლაში, სუვერენიტეტის წართმევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ევრობიუროკრატიას ჩვენს გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამერიკისგან იმკიან იმას, რაც საქართველოში დათესეს. ამ და სხვა ბევრ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ, რადგან სიმართლე ძლიერია და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა. ამასთან, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველომ ევროპის საბჭოს გაუგზავნა საკუთარი გამოცდილება უცხოურ გავლენებთან გამკლავების და ბრძოლის მიმართულებით.