„გორბის“ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რატომ არის ძვრები ოპოზიციაში - ოპოზიცია ხვდება, რომ ამ არჩევნებში ისტორიული მარცხი ექნებათ - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

„გორბის“ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რატომ არის ძვრები ოპოზიციაში, როდესაც ჯერ ცდილობდნენ გაერთიანებას, რადგან პრობლემები აქვთ, რომ ბარიერი გადალახონ და ხვდებიან, რომ ამ არჩევნებში ექნებათ ისტორიული მარცხი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, სხვა რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, როდესაც მეორე მხარეს დგას ორგანიზებულად ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამომრჩეველს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი იმოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ უცხოეთის დავალებით. დღეს ჩემი ბრიფინგის თემაა ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც სკანდალურია, რომ პირველად, ღიად არის მოთხოვნილი, რომ ჩვენ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. აი ამას შეასრულებენ პირველ რიგში ეს პარტიები. რეზოლუციაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, აი ამას გააკეთებენ ეს ძალები, თუ მოვლენ ხელისუფლებაში.

ის მხარდაჭერა და პროცენტები, რომელიც მათ აქვთ, ესეც კი გასაკვირია. როგორ შეიძლება ხმას აძლევდე პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც აგინებენ ეკლესიას, მხარს არ უჭერენ ოჯახური ღირებულებების კანონს, იმ ძალას, რომელიც ამბობს რომ მზად არის საქართველო შეიყვანოს ომში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.