გივი მიქანაძემ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი“ გახსნა

გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი“ გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრში თავმოყრილი უახლესი სამეცნიერო აპარატურის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა, მათი კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ასევე კვლევითი კომპონენტების მიმართულებით  გაძლიერდება უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები.

„განახლებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აღჭურვილობა ცენტრს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოოს და განავითაროს კვლევითი საქმიანობა, რაც მას რეგიონის მასშტაბით ერთგვარ ჰაბად აქცევს. ცენტრი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მკვლევრების მოზიდვის კუთხითაც – აქ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, დოქტორანტებს, კვლევითი საქმიანობის თვალსაზრისით, ბიომედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელების საშუალება აქვთ.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროში იქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებით. საბჭოს წევრების შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, მის ფარგლებში გაზიარებული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია კვლევითი ცენტრებისა და, ზოგადად, მეცნიერების განვითარებისთვის. ეს  საშუალებას მოგვცემს,  ერთობლივი ძალისხმევით შევიმუშაოთ როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები კვლევითი ცენტრების გაძლიერებისთვის,“ – განაცხადა მიქანაძემ.

„გივი მიქანაძე ბიომედიცინის ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდა, მათ შეკითხვებს უპასუხა და ცენტრის წინაშე არსებული გამოწვევებისა და  საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრის“ შექმნისათვის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2022 წელს 2  255 399  ლარი გამოიყო. კვლევითი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დაწესებულებისთვის, არამედ ფართო აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ახალი კვლევითი ცენტრის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, ცენტრს აქვს პოტენციალი, რეგიონული ჰაბის ფუნქცია შეითავსოს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.