„სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა „ტექნიკურ სტაგნაციაშია“

გერმან გრეფ

„სბერბანკის“ ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ეკონომიკა „ტექნიკურ სტაგნაციაშია“. ამის შესახებ ბანკის ხელმძღვანელმა, გერმან გრეფმა ვლადივასტოკში „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მეორე კვარტალი ფაქტობრივად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტექნიკური სტაგნაცია. ივლისი და აგვისტო აჩვენებს საკმაო სიმპტომებს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ნულოვან ნიშნულს“, – განაცხადა გრეფმა

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის გაცოცხლებისთვის აუცილებელია რუსეთის ცენტრალური ბანკის საბაზისო საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირება. როგორც გრეფმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლოს ცენტრალური ბანკის განაკვეთი იქნება 14%, რაც არაა საკმარისი სიტუაციის შესაცვლელად.

„ინფლაციის არსებული დონის გათვალისწინებით, ეკონომიკის გამოცოცხლების იმედი შეიძლება გვქონდეს, 12%-იან და უფრო დაბალ განაკვეთზე. ამიტომ, ამ ნიშნულის მიღწევის დროს, ჩვენ დიდი ალბათობით, დავინახავთ ეკონომიკის გამოცოცხლებას“, – განაცხადა „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა.

გრეფმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მარეგულირებელი უწყება ეკონომიკის რეცესიას არ დაუშვებს და დროულად დააკორექტირებს პოლიტიკას, არსებული მონაცემების გათვალისწინებით.