1756880280
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.
„გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.3%-ით მოიმატა
საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია
მომსახურების ინფლაციამ, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, აგვისტოში 4.2%-მდე მოიმატა (ივლისში 3.0% იყო), რისი ძირითადი მიზეზიც ინტერნეტის გადასახადის დეფლაციური ეფექტის სრულად ამოწურვაა
საბანკო სექტორი
ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.6 პპ-ით შემცირდა და 14.9% შეადგინა
დეპოზიტების დოლარიზაციამ ივლისში 49.7% შეადგინა
ივლისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.4 პპ-ით შემცირდა და 42.4%-ის ნიშნულზეა
საგარეო სექტორი
იმპორტი - ივლისში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 6.6%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -6.8 პპ კონტრიბუციით
ექსპორტი - ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 10.8%-ით შემცირდა და 610.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის შემცირება განპირობებული იყო შუალედური მოხმარების საქონლისა (-8.6 პპ კონტრიბუციით) და საინვესტიციო საქონლის ექსპორტის შემცირებით (-2.3 პპ კონტრიბუციით)
ივლისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.0 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში.“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.