გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამჭვირვალობის წინააღმდეგ ასეთი გააფთრებული შეტევა აწარმოეს სწორედ იმიტომ, რომ მათი თანხები ექსტრემისტული პროექტების წახალისებისთვის იხარჯებოდა

გიორგი ვოლსკი

მმართველ გუნდში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას აფასებენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ენჯეო“ სექტორი გამჭვირვალობის კანონს სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებოდა, რომ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ამ ექსტრემისტული პროცესების განვითარებაში აშკარა იყო და თვითონაც არასოდეს დაუმალავთ. მეტიც, გამჭვირვალობის წინააღმდეგ ასეთი გააფთრებული შეტევა აწარმოეს სწორედ იმიტომ, რომ მათი თანხები მნიშვნელოვანწილად არა მათი დანიშნულებითა და წესდებით, არამედ აი ამ ექსტრემისტული პროექტების წახალისებისთვის იხარჯებოდა“, - მიიჩნევს ვოლსკი.

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.