1779396803
გიორგი შარაშიძე: „ცისფერი მთები“ გახსოვთ? საპარლამენტო კომისიის დასკვნა გამყრელიძის დასკვნას ჰგავს, განა იმიტომ, რომ სამაგისტრო ნაშრომივით არის, არამედ ხალხი რეალურ ფასებს ელოდა
„ცისფერი მთები“ გახსოვთ? საპარლამენტო კომისიის დასკვნა სწორედ გამყრელიძის დასკვნას ჰგავს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებოდა.
„განა იმიტომ ჰგავს, რომ დასკვნა სამაგისტრო ნაშრომივით არის, არამედ ხალხი ამ დასკვნას ელოდებოდა? საზოგადოება ფასების შესამცირებლად რეალურ ფასებს ელოდა. დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაცია არ არის. ეს კამპანია ირაკლი კობახიძემ დაიწყო, რომელიც თავიდანვე ყალბი იყო და ტყუილებზე აგებული – თურმე მაღალი ფასები იყო, მაღალი მარჟები, კარტერული გარიგებები. კომისიის დასკვნაში სამივე ფაქტორი უარყოფილია. ეს რატომ და რისთვის კეთდება, ვერ გეტყვით. ხალხი კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებოდა და არა ამ დასკვნას, რაც ვერ ვნახეთ და ვერც ვნახავთ, ვიდრე „ოცნება“ კორუფციაზე უარს არ იტყვის. როგორც ჩანს, „ოცნება“ კორუფციაზე უარს არ ამბობს. მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ეს კამპანიები აგებულია ტყუილებზე და არანაირი ხელშესახები ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფლება არ არის, რადგან კორუფციის დათმობა არ სურს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა დღეს გამოაქვეყნა.












