1782240913
გიორგი შარაშიძე: „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროპას რაც შეიძლება დააშოროს და თავის ტყუილებშია ახლართული
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველო დააშოროს ევროპას, ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება და თავის ტყუილებშია ახლართული.
შარაშიძის თქმით, ტყუილია, თითქოს ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ეკლესიას ებრძვის.
„გუშინ, პლენარულ სხდომაზე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა თავიდან ბოლომდე ტყუილებით იყო აგებული. თურმე, ეს რეზოლუცია საქართველოს ეკლესიას ებრძვის. გვაჩვენოს, ერთი წინადადება რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს ეკლესიას ებრძვის. „ოცნება“ თავად არის ჩაკარგული თავის ტყუილებში და ახლართულია. ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროპას რაც შეიძლება დააშოროს. ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. „ოცნებისთვის“ რეალობაა ის, როგორ შეიძლება, ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად. არსებობს მეორე, ნამდვილი რეალობა, როცა კანონის უზენაესობა ირღვევა და ადამიანის უფლებები არ არის დაცული. სხვა დანარჩენი „ოცნების“ ილუზიებია, რაც ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება“, – განუცხადა გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს.
ევროპარლამენტმა 17 ივნისის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.












