გიორგი ქაჯაია ეუთოში შვეიცარიის დელეგატის გამოსვლაზე: სპეკულაციის ფანჯარა დახურა ამ განცხადებამ. კარგია, რომ არჩევნებს მაღალი სტანდარტებით ჩატარებულს უწოდებს ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი და არა რომელიმე ევრობიუროკრატი

გიორგი ქაჯაია

სპეკულაციის ფანჯარა მთლიანად დახურა ამ განცხადებამ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია, ეუთოში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის დანიელ ფესლერის გამოსვლას, საქართველოში არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს განცხადება არა, რომელიმე ევრობიუროკრატმა, არამედ ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა.

„ძალიან კარგი და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2024 წლის არჩევნებს კონკურენტუნარიანს და ამავე დროს მაღალი სტანდარტებით ჩატარებულს უწოდებს ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი. ეს არის გასათვალისწინებელი ფაქტი და არა რომელიმე ევრობიუროკრატი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო ამყარებს ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი ნდობის მანდატი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო აღიარება ქვეყნის გარეთ. ამას მოწმობდა შვეიცარიის წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება. ანუ ის ფაქტორები, ის სურვილები, რაც გააჩნია რადიკალურ ძალებს ჩვენს ქვეყანაში და ასევე, რადიკალური ძალების მხარდამჭერებს უცხოეთში მთლიანად უსვამს ხაზს ყველანაირ სპეკულაციის მონახაზს“, - განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.

ცნობისთვის, შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა.