გიორგი კალანდარიშვილი: თითქმის 8 თვე გავიდა გასული არჩევნებიდან და არანაირი მტკიცებულება არავის არ წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად, რა და ვინ დაარღვია, მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე არის საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა

გიორგი კალანდარიშვილი

მუდმივ რეჟიმში იმის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, რეალურად აზიანებს საარჩევნო გარემოს, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას.

გიორგი კალანდარიშვილი გამოეხმაურა სხვადასხვა პოლიტიკური პირისა თუ ორგანიზაციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ეუთოს რეზოლუცია და დასკვნა, მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე.

„თითქმის 8 თვე გავიდა გასული არჩევნებიდან და არანაირი მტკიცებულება არავის არ წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად დაირღვა, რა დაირღვა როგორ დაირღვა, ვინ დაარღვია და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ბრალდება იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და იმ ფონზე, როდესაც არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც არავის არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე ხდება, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად შეურიგებლები ვიქნებით. ჩვენთვის, როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო დავიცვათ კომპეტენციის ფარგლებში, რათა ამ ყველაფერმა არ დააზიანოს არჩევნების ნდობა, ლეგიტიმაციის ხარისხი და ასე შემდეგ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.