გია ვოლსკი: ქართულ რეალობაში „ჩარევა“ გაცილებით შავ ფერებში გამოიყურება, ტრამპის მიზეზი, რატომ საუბრობს ევროკავშირზე, აბსოლუტურად სხვაა, რეალობა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი ლაპარაკობს, არსებობს

გია ვოლსკი

ქართულ რეალობაში „ჩარევა“ გაცილებით მძიმედ და უფრო შავ ფერებში გამოიყურება. დონალდ ტრამპის მიზეზი, თუ რატომ ერევა ევროკავშირში და რატომ საუბრობს მათზე, აბსოლუტურად სხვაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ამას შიდა საქმეებში ჩარევას დაარქმევ, თუ სხვა ფორმულირებას მოუგონებ, მათ შორის ურთიერთობა რთულია, რომელიც რეალობაზე არის აგებული. რეალობა, რაზეც ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობს, არსებობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ რასაც იყენებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის სათაურით, მიუღებელია, რადგან შინაარსი სცდება იმ სინამდვილეს, რაზეც ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული კვლევები მეტყველებს.

„კვლევა ერთია, კალასისა და კოსის განცხადებები კი, აბსოლუტურად სხვაა. ჩვენ იმ სიბნელეზე უნდა ვიფიქროთ, რასაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა წარმოშობს. ეს ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოში როგორმე ჯახი მოხდეს, სისხლი დაიღვაროს, ხელისუფლება შეიცვალოს და იმ გეგმაში ჩაერთოს, რასაც ჰქვია ევროპაში ომის გაგრძელება უკრაინელი ხალხის სიცოცხლის ხარჯზე. რეალობა არის ეს და ამ რეალობას რომ უყურებ, ეს შიდა საქმეებში ჩარევა არ არის, ეს არის შეტევა და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.