ღუდუშაური არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილს ქოლცენტრების საქმის საგამოძიებო ინფორმაციაზე წვდომა კომისიის გავლით სურდეს

ღუდუშაური

ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, შესაძლოა, დანაშაულის სავარაუდო ფიგურანტების ინტერესებში იყო, რათა მათ წინასწარ მოიპოვონ წვდომა გამოძიების მასალებზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, კომისიის გავლით საგამოძიებო ინფორმაციაზე წვდომა დავით კეზერაშვილს სურდეს, რომელიც “ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიებით, ქოლცენტრების საერთაშორისო თაღლითური ქსელის მთავარ ფიგურანტად არის დასახელებული.

„ქვეყანას ჰყავს საგამოძიებო უწყებები, რომლებიც წარმატებით თანამშრომლობენ ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან, არის ძალიან კარგი საგამოძიებო პრაქტიკა. მათ უნდა მივანდოთ ეს საქმე. ალბათ იქამდე მივლენ [ოპოზიცია], რომ მაგალითად, მეზობელი რომ მეზობელს მიჯნაზე ედავება, გამოხტებიან ადამიანები და იტყვიან რომ ამ შემთხვევაშიც შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

საგამოძიებო კომისიას აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს სწორედაც იმას, რომ პროცესში შესაძლო მონაწილე პირებმა არ უნდა იცოდნენ და არ უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, რა საგამოძიებო მოქმედება ტარდება და რისთვის.

ეს ყველაფერი საჯარო და ღია იქნება, სრულიად ნათელია თუ ვის აწყობს და პედალირებას უკეთებს ამას. ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად იყოს კეზერაშვილი“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.