გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი საქართველოს ეწვევა

ბუნდესტაგი

გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი 5-დან 9 დეკემბრამდე საქართველოს ეწვევიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

დელეგაციის წევრები არიან დეპუტატები კატრინ ბუდე (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მაქსიმილიან მიორზებურგი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და მარკ იონგენი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ვიზიტის მთავარ თემას წარმოადგენს ხელოვნების, კულტურისა და მედიის თავისუფლება. დელეგაციის წევრები გამართავენ შეხვედრებს მედიის, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის პროგრამა ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს რუსეთიდან და ბელორუსიდან ლტოლვილ ჟურნალისტებთან და ხელოვანებთან, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და მუშაობენ.

სტუმრები ასევე გამართავენ პოლიტიკურ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან. საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება მემორიალური პოლიტიკა, რა დროსაც განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს დამოკიდებულება საქართველოს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილის ისტორიასთან. საუბარი ასევე შეეხება საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და საქართველოში გერმანული ორგანიზაციების მოღვაწეობას.