გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში უნდა იყოს, რომ ექიმის დანიშნული წამალი დალიოს?! - გია ვოლსკი სააკაშვილზე

ვოლსკი

"არ გვესმის პასუხები კითხვაზე, რა არის ის, რისი უზრუნველყოფაც საქართველოს არ შეუძლია? რა არის ის, რაც მიხეილ სააკაშვილს დანიშნულ წამლებს დაალევინებს? - მაინც და მაინც გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში უნდა იყოს, რომ წამალი, რომელსაც მას ექიმები დაუნიშნავენ, დალიოს?! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“პარლამენტში საკმაოდ კვალიფიციური, კარგი და გამოცდილი ექიმები გვყავს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, მათთან შეხვედრის თაობაზე, პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად არის გაკეთებული და არა იმისთვის, რომ პროფესიონალურ მოსაზრებას მოუსმინოს.

ეს ერთ-ერთი სასპეკულაციო თემაა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს ჯანდაცვის მიმართულებით დამატებითი დახმარების ან კონსულტაციების მიღების ინტერესთან. საკმაოდ კვალიფიციური სამედიცინო ჯგუფი არსებობს, რომელიც პატიმრებს დახმარებას უწევს.

ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს,  გარკვეულწილად, ამას თვითდაზიანებაც დავარქვათ, რადგან კონკრეტული ადამიანისთვის შეთავაზებული მკურნალობა არის მიუღებელი. ჯანდაცვის საკითხები პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს, ეს ექიმების საქმეა და მათ უნდა ილაპარაკონ.

თუ ადამიანი თვითგვემას და თვითდაზიანებას ეწევა, რასაკვირველია, მას არ შეიძლება ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს, თუნდაც როცა სასამართლოში მღერის, მხარდამჭერებს აჯანყებისკენ ან მასიური მღელვარების ორგანიზებისკენ მოუწოდებს. ეს არაჯანსაღად მიმაჩნია, მაგრამ პროფესიონალი არ ვარ, საკმაოდ ბევრი პროფესიონალია, რომ მას შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.