ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას და არ უნდა გამოიყენებოდეს შეცდომაში შემყვანი ნარატივებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების პოლიტიზების ინსტრუმენტად“ - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციის განცხადება

მკ

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა კონფერენციის მსვლელობისას განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულ ხელისშემშლელ ქმედებებზე, რომელიც ზიანს აყენებს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და ზღუდავს მონაწილეთა შესაძლებლობას, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.

ამით საქართველოს წარმომადგენელი გამოეხმაურა კონფერენციაზე ბაია პატარაიას ქცევას, ბანერის გაშლასთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაციის განცხადებაში ხაზი გაესვა ეუთო-ს პლატფორმების სანდოობას, რომელიც ეფუძნება დადგენილი პროცედურული წესებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემას, ასევე აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და გამოხატვის თავისუფლება ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის. ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას, და არ უნდა გამოიყენებოდეს შერჩევითი ინტერპრეტაციების, შეცდომაში შემყვანი ნარატივებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების პოლიტიზების ინსტრუმენტად. საქართველო რჩება ერთგული ეუთო-ს ფარგლებში კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და ორგანიზაციაში კონსტრუქციული ჩართულობის. ჩვენ გავაგრძელებთ იმგვარი გარემოს მხარდაჭერას, რომელშიც დიალოგი არსებითია, მონაწილეობა - ინკლუზიური, ხოლო სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დესპანმა ეკატერინე ზოდელავამ.

✕