1734778532
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა.
საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებლის თქმით, 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი განსაზღვრულია 97 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობით. ასევე, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,400 მილიარდი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 36,8%-ის ფარგლებშია.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულთან შედარებით გაზრდილია 2, 281 მლრდ ლარით და განისაზღვრება 26,850 მლრდ ლარის ოდენობით.
გიორგი კაკაურიძემ განსაკუთრებული ყურადღება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის დაფინანსებაზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 მილიარდ 885 მილიონი ლარით, რაც 2024 წლის გეგმას 377 მილიონი ლარით აღემატება.
„სკოლამდელი და ზოგადი განათლების ნაწილში გათვალისწინებულია 1 მილიარდ 808 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილში განსაზღვრულია მიმდინარე წლის ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების დაფინანსება. პროფესიული განათლების კუთხით 144 მილიონი ლარია გათვალისწინებული, უმაღლესი განათლების მიმართულებით - 171 მილიონი ლარი, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე - 86 მილიონი ლარი. გაზრდილია ინკლუზიური განათლების დაფინანსება და 80 მილიონ ლარს აღწევს. სამინისტროს ფარგლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განსაზღვრულია 490 მილიონი ლარი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, მომდევნო წელს ბაღებისა და სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში არსებული 6 უნივერსიტეტისთვის ბიუჯეტში ცალკე გამოიყოს დაფინანსება.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში გაგრძელდება, სადაც გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინებით, მთავრობა პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში წარუდგენს.