გამოსავალი არის ერთი, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური შეფასებების კიდევ ერთი თემაა ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებები - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენელი, ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს, რომ ქვეყანას ქმედითი ხელისუფლება ჰყავს. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმაც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, კარგია, თუ ოპოზიციის გარკვეული წევრები ხვდებიან, რომ რადიკალურ ქმედებებს აზრი არ აქვს და არსებულ ვითარებას იაზრებს.

"რადიკალურ ოპოზიციას დიდი ხანია, რომ მომავალი დაკარგული აქვს, არანაირ რესურს ის აღარ ფლობს და ა.შ. წლებია უკვე ამას ვამბობთ და კარგია, თუ ვინმე ახლა მაინც მიხვდება "ნაცმოძრაობასა" და მათ ფილიალებში თავი დაანებოს ამ პოლიტიკას. ერთგვარად ეს არის სწორი შეფასება, როცა შენ ხედავ და ამბობ, რომ რევოლუციას და დამხობას აზრი არ აქვს, არჩევნებში შენს მონაწილეობას აზრი არ აქვს, ამ შემთხვევაში უნდა მიხვდე, რომ თავი დაანებო პოლიტიკას. მიხვდა ეს ხალხი და ერთი ნაბიჯი დარჩა, დაანებონ თავი პოლიტიკას და თუ რამე სხვა შეუძლიათ, იმას მიჰყონ ხელი. ძალიან კარგ პოზიციაზე ყოფილან თუკი ამას ხვდებიან. რაც ბევრი მიხვდება, უკეთესია. დამხობას არასდროს აზრი არ ჰქონდა, მათ მონაწილეობას არჩევნებში არასდროს აზრი არ ექნება. გამოსავალი არის ერთი, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.