1744808394
გახოკიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ასობით ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, რაც რეკრეაციული სივრცის საგრძნობლად გაზრდას ნიშნავს.
„სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საუბარია 26 000-მდე კვ.მ-ზე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან ასობით ფარეხის დემონტაჟი ხორციელდება. ამ მოწესრიგებულ, განახლებულ სივრცეებს გამოიყენებთ ისევ თქვენ და თქვენი შვილები, იქ მცხოვრები ოჯახები. დემონტაჟი ხდება უსახური ფარეხების, რომელიც იყო გამოუყენებელი, იკავებდა დიდ ტერიტორიებს და ვიზუალურად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
სამუშაოების მნიშვნელოვანი კომპონენტი გამწვანებაა - ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მოეწყობა სარწყავი სისტემები. გათვალისწინებულია ატრაქციონების მოწყობა პატარებისთვის, გაკეთდება სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, გარე განათება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.