გახარიამ, გამოკვეთილად ნეგატიური ნაბიჯების გადამდგმელმა ადამიანმა რაც თქვა, ეს არის ის, რისი სურვილიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას - დავით მათიკაშვილი ეკონომიკური კრიზისის შექმნაზე

დავით მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის შექმნას ეხებოდა.

მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, გიორგი გახარია, ყველანაირი ხერხის გამოყენებით ცდილობენ ტრამპის ინაუგურაციამდე დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ, თუმცა, მათ ამის არანაირი შანსი არ აქვთ.

მათიკაშვილის განმარტებით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

"გახარიამ, გამოკვეთილად ნეგატიური ნაბიჯების გადამდგმელმა ადამიანმა, რაც თქვა, ეს არის ის, რისი სურვილიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას. რადიკალებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე აქვთ ვადა, თვითონ ასე ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში არანაირი ვადა და შანსი არ აქვთ თავიანთი დესტრუქციის განხორციელებაში. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ის ვადა, რა ვადაშიც უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ აქ რევოლუცია მოახდინონ. მეორე, მათი სურვილია ეკონომიკის ჩამონგრევა, თუმცა ეს რეალობა არ არის. ვერ ეღირსებიან, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით წავა წინ. იმ მოვლენამდე, რასაც გახარიამ დაუკავშირა რევოლუციური სცენარები, აქ ვერც რევოლუცია მოხდება და იმ მოვლენის შემდეგ [ტრამპის ინაუგურაციის] აბსოლუტურად შეიცვლება ურთიერთობის ეს ეტაპი ჩვენს პარტნიორებთან. ამიტომ, რადიკალ ოპოზიციონერებს მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო უმძიმდებათ და ამ სიმძიმეს, მათ თვალი უნდა გაუსწორონ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.