გახარია ცდილობს, გაემიჯნოს ყველანაირ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მანამდე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა და ასე შეინარჩუნოს იმიჯი, მაგრამ ნახა, რომ არ მუშაობს - გიორგი ბუტიკაშვილი

გიორგი ბუტიკაშვილი

„დაპირისპირება ამ მიმართულებით არ გამოუწვევია. იმ ფორმატებში, რომელიც საერთო გვაქვს ადამიანის უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ერთობლივად ვმუშაობთ მაინც. დღესაც ერთობლივი შეხვედრა გვქონდა. ეს, პირველ რიგში, აზიანებს თავად გახარიას პარტიას და სწორედ ამიტომ აიღეს ის პოსტი“, – აღნიშნა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის ფუფუნება, ინდივიდუალური სტრატეგიები აირჩიონ.

„გვაქვს ერთი სტრატეგია, ვებრძვით ერთ მტერს, ეს არის რუსეთი და ივანიშვილის რეჟიმი. შესაბამისად, ყველანაირი ცალკეული სტრატეგიები, რომლებსაც პარტიები მიმართავენ, მიიღებს ასეთ შედეგს საზოგადოებისგან, რადგან საზოგადოების დაკვეთაა ერთიანობა რუსული რეჟიმის წინაღმდეგ. გახარია ცდილობს, გაემიჯნოს ყველანაირ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მანამდე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა და ასე შეინარჩუნოს მისი იმიჯი, მაგრამ ნახა, რომ არ მუშაობს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“. მოგვიანებით, „გახარია news საქრთველოსთვის“ გვერდიდან აღნიშნული ბანერი წაიშალა.