გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

გარეთ უორდი

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მარკ კლეიტონს რამდენიმე თვეში გარეთ უორდი შეცვლის, კლეიტონი კი,  საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

"ამ ზაფხულს, გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის. საქართველოში ოთხწლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას, გარეთ უორდი 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება.

გარეთ ედუარდ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს.

2022 – 2024 – გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი; 2018 -2022 – დიდი ბრიტანეთის ელჩი, ვიეტნამი; 2017 – უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია; 2014-2017 – გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO), დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი; 2010 -2013 – დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული, სანკტ-პეტერბურგი;2007-2010 – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინი; 2002-2006 – ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO); 1998 – 2002 – მეორე პოლიტიკური მდივანი, ბრიტანეთის საელჩო, მოსკოვი," - აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაში.