ფრანკლინის კლუბის წარმომადგენელმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარები, რაც ჰქონდათ გეგმაში, მათი მხრიდან არის გაკეთებული - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა "ფრანკლინის კლუბის" თანადამფუძნებლის განცხადება.

"ჩვენ ოპოზიციას მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე მათი ჯერია" - აცხადებს ალექსანდრე ზიბზიბაძე ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში და ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს რომ მიეღოთ გადაწყვეტილება არჩევნებზე ერთად გავიდნენ, ცალ-ცალკე, თუ ბლოკებად, ამაშიც ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება.

მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური და აღიარება, რომ "ფრანკლინის კლუბი" ოპოზიციასთან ერთად ჩართული იყო აქციებისა და არეულობის სცენარში.

"ფრანკლინის კლუბის წარმომადგენელმა პრაქტიკულად აღიარა საჯაროდ უკვე, რომ ის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარები, რაც ჰქონდათ გეგმაში, მათი მხრიდან არის გაკეთებული. ერთგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა იმაზე, რომ გადააბარა ოპოზიციას, რომ დანარჩენ სცენებს მიხედოს ოპოზიციამ, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გეგმა გაწერილი და დაფინანსებული  უცხოეთიდან და ეს ფრანკლინის კლუბი, სემინარები რევოლუციაზე და ა.შ. არის რეალური. ეს არის საჯარო აღიარება, მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ იყო და არის გეგმა, რომ არა არჩევნების გზით, არამედ უკანონოდ ამ რევოლუციური ხრიკებით და დამხობებით როგორმე ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ", - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ღიად ერთვებიან პოლიტიკაშიც და არც მალავენ ამ ყველაფერს.

"არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია გაცდნენ თავის უფლება-მოვალეობებს, უკვე ღიად ერთვებიან პოლიტიკაშიც და არც მალავენ უკვე ამ ყველაფერს. აქციებიც რომ მიმდინარეობდა, კარგად ვხედავდით, მათი დაფინანსებული იყო თუნდაც ატრიბუტიკა და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ თავიანთ დაფინანსებას და ინვესტირებულ თანხას მდიდარი ენჯეო-ები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ახლა ნებისმიერი ფორმით თხოვენ უკან ოპოზიციურ პარტიებს, მოუწოდებენ მათ ქმედებისთვის, რომ აი ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, მეტი ჩვენ რაღა ვქნათ, თქვენ გვერდში ვდგავართ, გეხმარებით, საარჩევნო კამპანიაშიც ირიბად ვართ ჩართული და საზოგადოება ამას კარგად ხედავს, ახლა თქვენი ჯერია. ეს ყველაფერი არის უბრალოდ ლუსტრაცია იმისა, რასაც ჩვენ ვიძახდით, უკვე პირდაპირი განცხადებებით ამ ხალხს უკვე დასამალი არაფერი არა აქვს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.