ფაქტია, რომ მათი გვარები ჟღერს საკმაოდ უსიამოვნო კონტექსტში, როცა ქოლცენტრებზეა ლაპარაკი - გია ვოლსკი ოპოზიციაზე

გია ვოლსკი

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას მმართველი გუნდი ეხმაურება. მათი შეფასებით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის სურს, რომ გარკვეულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიპოვონ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის თქმით, როდესაც საუბარი არის ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ოპოზიციის წარმომადგენლების გვარები უსიამოვნო კონტექსტში ისმის.

"თუ რამე მტკიცებულება გააჩნიათ, წარმოადგინონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სქემებზე მუშაობენ ალბათ, მაგრამ დღემდე ფაქტია, რომ მათი გვარები ჟღერს საკმაოდ უსიამოვნო კონტექსტში როცა ქოლცენტრებზეა ლაპარაკი და ის ოფისები, რომელიც დაიკეტა, დაკავშირებულია პირადად პერსონალურად მათ გვარებთან. გამიჯვნა ამ უსიამოვნო ინფორმაციიდან, მათი ამოცანაა. შეეშინდათ, კომისიას არ ქმნიან - რასაკვირველია, ეს ბავშვური გამონათქვამებია. რაც უნდათ, იმ სქემებს დახაზავენ და შექმნიან, ნამუსი დაუშლით ხელს თუ წარსული თუ მომავალზე ფიქრი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ამავე საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

"გარკვეულია ის, რომ ამის სათავეში დგას "მისტერ ოფშორი", რომელიც აღიარა უკვე საერთაშორისო საზოგადოებამ და თავადაც აღიარა, რომ ის ჩართული იყო, მაგრამ  ახლა მეორე სერია დაიწყო და იმათ დასახელებასაც აპირებს ვინც ჩართული იყო ამ ქოლცენტრების საქმეში. ამას გამოეხმაურა აქაური რადიკალური ოპოზიცია, ახლა ვაშაძე ამბობს, რომ მე არ ვყოფილვარ სხვა იყოო და ა.შ. ამ ხალხმა, მათი უცხოელი პატრონების ჩართულობით, გაძარცვეს ქართული ჯარი, ბიუჯეტი და ახლა უკვე გაძარცვეს და აგრძელებენ კვლავ ევროპელი პენსიონერების ძარცვას. ეს უკვე ფაქტია და მოცემულობაა, ამასთან აკავშირებდათ, რაც უფრო მეტს იტყვიან, იმდენი უფრო მეტად ჩავლენ ამ ქოლცენტრების ჭაობში," - განაცხადა მაჭარაშვილმა.