ევროპელი ლიდერები და კოლეგები გაოცებულები არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა - პრემიერი

პრემიერი

„მაქვს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია და ძალიან გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში „გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,5% დაფიქსირდა, რაც დიდი გამონაკლისია მთელ მსოფლიოში“.

„რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მთელ მსოფლიოში, არათუ ჩვენს რეგიონში. პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ჩვენც გვქონდა ასევე ძალიან დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში. მაგრამ გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად ჩვენი ეკონომიკა უპრეცედენტოდ მაღალი იყო, ორნიშნა ზრდა მივიღეთ 10, 8%-ის ფარგლებში. პანდემია გამოწვევა აღარ არის, მაგრამ 21-ე საუკუნის გამოწვევა რაც არის - ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში რეცესიას ელოდებიან, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა ევროპაში და მთელ მსოფლიოში, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება ევროპის ქვეყნებში. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში. მაქვს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია და ძალიან გაოცებულები არიან თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ლარიც განაგრძობს გამყარებას და ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში, ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება - ათასობით. ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავაძლიერებთ და მეტს გავაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.