საბა ლაზიშვილის წერილი ნურმაგომედოვებთან ჩხუბის შემდეგ
1794500392
კასპიის ზღვის რეგიონიდან აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი მარშრუტი შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბულგარეთის ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტზე.
„ევრონიუსის“ შეფასებით, ახალი ენერგეტიკული დერეფანი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს.
ოთხმა ქვეყანამ 10 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაერო-ს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს კასპიის ზღვის რეგიონში ქარისა და მზის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოსა და თურქეთის გავლით ბულგარეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრებზე მიწოდებას.
„ევრონიუსის“ ცნობით, ანტალიის კლიმატის მოლაპარაკებების ფარგლებში გაფორმებული შეთანხმება მრავალწლიანი კონცეპტუალური დაგეგმვიდან კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ ვალდებულებებზე გადასვლას ნიშნავს. მიზნების მისაღწევად ოთხი ქვეყანა ელექტროენერგეტიკული ქსელების სინქრონიზებულ სისტემას ქმნის, რომელმაც ტრადიციული ლოგისტიკური შეზღუდვები უნდა გადალახოს. ინფრასტრუქტურა დაეყრდნობა სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის სახმელეთო ელექტროგადამცემი ხაზების გაფართოებას. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია სატრანზიტო მარშრუტის გასწვრივ ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის პარალელური განვითარება. ეს ელექტროენერგიის უსაფრთხო და უწყვეტ გადაცემას, ასევე ელექტროქსელის თანამედროვე მართვას უზრუნველყოფს.
„ევრონიუსის“ შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული ქსელის ბულგარეთთან პირდაპირი დაკავშირება ევროკავშირის ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ენერგიის მიწოდების ახალ, მნიშვნელოვან მარშრუტს შექმნის.
„ელექტროქსელების მოდერნიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური ტვირთის ოთხი ქვეყნის ეკონომიკაზე გადანაწილება თანამშრომლობის უფრო სტრუქტურირებულ გარემოს შექმნის. მრავალმხრივი კოორდინაცია ამცირებს ლოგისტიკურ რისკებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, კერძო საინვესტიციო ფონდებისა და განვითარების ბანკებისთვის, რომლებმაც სავარაუდოდ, მშენებლობის მომავალი ეტაპები უნდა დააფინანსონ“, – ნათქვამია „ევრონიუსის“ სტატიაში.